„ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას” – ილიაუნის სტუდენტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.
ილიაუნის სტუდენტების თქმით, ქვეყანაში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენები ფასს კარგავს ყველაფერი – მათ შორის, განათლებაც – შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ სასწავლო პროცესში ჩართვაზე, აცხადებენ დაუმორჩილებლობას და იწყებენ გაფიცვას.
“დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს.
ხელისუფლების, ქართული ოცნებისა და მათი პირადი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, პროტესტში ჩართული მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა, დაშინება, რუსული ხელწერაა და ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს.
იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსული გავლენები ფასს კარგავს ყველაფერი – მათ შორის, განათლებაც.
ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს.
შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას – არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში.
მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სხვებს კი მოვუწოდებთ, მათ შორის აკადემიურ პერსონალს, შემოუერთდნენ განცხადებას და დაიწყონ გაფიცვა.
მივმართავთ სხვა სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოგვიერთდით.
მივმართავთ ხელისუფლებას – სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს.
ჩვენი სათქმელი მარტივია – ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი.
ილიას გზით ევროპისკენ, არა რუსულ რეჟიმს!” – აღნიშნულია განცხადებაში.