თუ სტუდენტები გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ შევუერთდებით – თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი უერთდება სტუდენტთა გაფიცვას. ლექტორების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ.
გაფიცვის მიზეზი მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობაა, რაც ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას საფრთხის ქვეშ აყენებს.
“კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია “რუსული კანონის”, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს”, – აცხადებენ თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს რუსული კანონის განხილვა. გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლები გმობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის, სტუდენტების მიმართ გამოხატულ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას სამართალდამცველების მხრიდან.
“მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი.
ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს”, – აცხადებენ ისინი.
განცხადებას ამ დროისთვის 50-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია.
საკუთარი სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.
“რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა”, – აცხადებენ ილიაუნის ლექტორები.
ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გარდა, გაიფიცნენ სხვა არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მათ შორის – საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ალტე უნივერსიტეტი და ა.შ.