13 მაისიდან ონლაინმედიებს პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ

პარლამენტში 13 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს ისევ არ შეუშვებენ – ამის შესახებ პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში წერია. განცხადების მიხედვით, სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – წერია პარლამენტის გავრცელებულ განცხადებაში.
შეზღუდვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 15 აპრილიდან მოქმედებდა, თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამტკიცებდა, რომ ტყუილი იყო, თითქოს ონლაინმედიებს პარლამენტში არ უშვებდნენ.
ონლაინმედიები პარლამენტში არ შეუშვეს არც 19 აპრილს, შეზღუდვა დაწესდა 29 აპრილსაც, როდესაც რუსული კანონის განსახილველად იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული.