ბელგოროდში მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში კვირას დილით ჩამოინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო. ტელეგრამის არხები აქვეყნებენ ფოტოებსა და ვიდეოებს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სადარბაზო ჩამოინგრა „ჭურვის პირდაპირი მოხვედრის შედეგად“. ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, არიან დაღუპულები. დაშავდა მინიმუმ 20 ადამიანი. ნანგრევებში შესაძლებელია იყვნენ ადამიანები.
ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბელგოროდს ცეცხლი გაუხსნეს სარაკეტო კომპლექსი „ტოჩკა-უ“-თი და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. ამასთან, რაკეტები და ჭურვები ჩამოაგდეს, მაგრამ „ერთ-ერთი ჩამოგდებული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის რაკეტა ‘ტოჩკა-უ’-ს ნამსხვრევებით დაზიანდა საცხოვრებელი სახლი ქალაქ ბელგოროდში“.
ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, როცა კომენტარს აკეთებდა ხოლმე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, არაერთხელ დაუკისრებია მომხდარისთვის პასუხისმგებლობა უკრაინის ჯარების საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. მათი თქმით, საცხოვრებელ შენობებს ხვდებოდა უკრაინელთა მიერ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერორიზმის მუხლით და განაცხადა, რომ „უკრაინის სამხედრო ფორმირებების მიერ ქალაქ ბელგოროდზე განხორციელებული იერიშის შედეგად ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან სახლს“. უკრაინის სამხედროებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ რუსეთის ხელისუფლების განცხადებებზე.
სადარბაზოს ჩამონგრევის შესახებ ცნობები გაჩნდა მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქში კვირას დილით მეორედ გამოაცხადეს სარაკეტო განგაში.
ფოტოებსა და ვიდეოებზე ჩანს, როგორ ინგრევა პანელებით ნაშენები სახლის მთელი სადარბაზო პირველიდან მეათე სართულამდე. სახლი ქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს.
მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. იტყობინებიან, რომ მათი მსვლელობისას მაშველებმა რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, „მომხდარის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები“. მათ რაოდენობას არ იტყობინებიან. ტელეგრამში ზოგიერთი არხი ასახელებს შვიდ დაღუპულს, ზოგი – ოთხს. ტასის ცნობით, ცნობილია მინიმუმ ოცი დაშავებულის შესახებ.
სამაშველო სამუშაოების დაწყების შემდეგ ჩამოინგრა სადარბაზოს სახურავიც. Mash-ის ცნობით, ჩამონგრევის მომენტში არავინ დაშავებულა, მაგრამ საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება, რომ ტრავმები მიიღო უწყების სამმა თანამშრომელმა.
არსებობს ასევე სახლის სხვა ნაწილების ჩამონგრევის საფრთხეც. მიმდინარეობს დანარჩენი სადარბაზოების მაცხოვრებლების ევაკუაცია. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, სრულად ჩამოინგრა 16 ბინა. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მათში ჩამონგრევის მომენტში, არ არის ცნობილი.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელგოროდს რეგულარულად უშენენ ცეცხლს უკრაინის მხრიდან. 11 მაისს ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა ბელგოროდისა და ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად, განაცხადა გუშინ გუბერნატორმა გლადკოვმა.
ბელგოროდის ტერიტორიიდან ცეცხლს უშენენ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქს. უკანასკნელი დღეების მანძილზე რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს ცეცხლი და იერიშის განხორციელება სცადეს ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას