ადვოკატი – უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს – ჩვენ გაფრთხილებული ვართ, რომ საქმის მასალებზე არ ვისაუბროთ, არ არის სწორი, თავად დაიტოვო უფლება, რაც გინდა გამოაქვეყნო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, პასუხი გაგცეს

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.
როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.
“სამწუხაროდ, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა თუთბერიძემ.
ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.
“ერთი მხრივ, თავად დაიტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი”,-განაცხადა თუთბერიძემ.
ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.