„უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე“ — თსუ-ის სტუდენტების ნაწილი იფიცება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:
„თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტული და უმძიმესი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების მიერ დაქირავებული ზონდერები საკუთარ სახლებთან უსაფრდებიან, თავს ესხმიან და ასახიჩრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. ტერორს უწყობენ ყველას, ვინც რეჟიმის რუსულ პოლიტიკას არ ესალმება. დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან უარი ვთქვათ აუდიტორიებში შესვლაზე. დილის 9 საათიდან ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და გავაპროტესტებთ დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას. ჩვენ უკან დგას ათასობით სტუდენტი, რომელიც არ აპირებს დათმოს ქვეყნის თავისუფლება და მისი ევროპული მომავალი მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება, უარი თქვან სამსახურში მოსვლაზე, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ ჩვენთან ერთად რუსთაველის გამზირზე. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შეწყვიტეთ აკადემიური პროცესი საკუთარ უნივერსიტეტებში, გამოდით აუდიტორიებიდან და შემოუერთდით ჩვენს წამოწყებას. საქართველო არ გახდება და ამის გარანტორები ვართ ჩვენ, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა. წინ ევროპისკენ, ძალა ერთობაშია“, — ნათქვამია სტუდენტების გაცხადებაში.
თბილისში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.