ლატვიაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ, სკოლაში რუსული ენის შესწავლაზე უარი თქვან

ლატვიის სეიმმა 9 მაისს, საბოლოო მოსმენით, დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც უფლებას აძლევს სკოლის მოსწავლეებს, უარი თქვან რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის შესწავლაზე.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში ეტაპობრივად გააუქმოს რუსულის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლება.
ლატვიის მთავრობის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოწონებული ცვლილებების თანახმად, 2026/2027 სასწავლო წლიდან სკოლებმა ეტაპობრივად უნდა შესთავაზონ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, რომ მეორე უცხო ენად აირჩიონ ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთის ოფიციალური ენა. ასევე ნებადართულია იმ ენის არჩევა, რომელიც განათლების შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით რეგულირდება. რუსული ენა არცერთ ზემოთ დასახელებულ კატეგორიაში არ შედის.
ცვლილებების მიხედვით, მე-4-8 კლასების მოსწავლეები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წელს რუსული ენის შესწავლაზე უარს იტყვიან, მომდევნო კლასში გადასვლას მეორე უცხო ენის საგანში შეფასების გარეშე შეძლებენ. მათ კი, ვინც მე-9 კლასს წელს დაასრულებს, სკოლის ატესტატში წინა სასწავლო წელს ამ საგანში მიღებული საშუალო ქულა ჩაეწერება.