„საქართველოს კანონებს ქართველი პარლამენტარები იღებენ“, — თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განცხადების თაობაზე, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობას შევთავაზე დისკუსია და შეჯერებული პოზიციის კანონპროექტში ასახვა.
„ჩემი როლი არის საუბარი შედეგებზე. ეს კანონი, თუ ამ ფორმით იქნა მიღებული, სერიოზული დაბრკოლება იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ქართული მხარის მისაღებია.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რათა ვიპოვოთ წინსვლის გზა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ყველა წინა მთავრობასთან, ვმუშაობთ დღევანდელ ხელისუფლებასთან და ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს მომავალ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან საქართველოს საკეთილდღეოდ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ უახლოეს კვირებში მოიძებნება გზა, რათა გადაწყდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გამოუვალი საკითხი, რომელიც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არ უნდა იქნას მიღებული ად არ უნდა იქნას მიღებული დღევანდელი სახით“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი პარლამენტში ინიციირებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის საერთოდ გაუქმებაა, სხვა შემთხვევაში კი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიღება.
„რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონის გაუქმება. ჯერ კიდევ არსებობს ასეთი შესაძლებლობა. თუ ასე არ მოხდა, არსებობს საპარლამენტო პროცედურები. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, როდესაც საქმე ეხება იურიდიულ საკითხებს. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ან საერთოდ არ მიიღება ეს კანონი, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მაინც უნდა იქნას მიღებული, ეს იქნება სრულიად განსხვავებული კანონი ვენეციის კომისიის სამართლებრივი დასკვნის საფუძველზე“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ვეტოს პროცედურის ფარგლებში”, შესაძლებელი იქნება პოზიციების შეჯერება რუსულ კანონთან დაკავშირებით.
„ვეტოს პროცედურის ფარგლებში არის ორი კვირა – 14 მაისიდან 28 მაისამდე, როცა შესაძლებელია ყველა საკითხის განხილვა, შეჯერება, უცხოელ პარტნიორებთან – ევროკავშირის უმაღლესი დონის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი […] პირდაპირ, გახსნილად შევთავაზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ეს დისკუსია, რომ წარმოგვიდგინეთ კონკრეტული შენიშვნები, დავსხდეთ, შევჯერდეთ. რაზეც შევჯერდებით, იმას ავასახავთ კანონში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთანაც. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვებს, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება” კანონპროექტში ცვლილებების შესატანად, მათ შორის, მის სახელწოდებასთან დაკავშირებით, კობახიძე დაეთანხმა.
„ხო, ისე რა აზრი აქვს დისკუსიას?! რა თქმა უნდა. მივიღებთ სამართლებრივ შენიშვნებს და ამის გაზიარებაზეა საუბარი”, – თქვა კობახიძემ.
რუსული კანონის მესამე მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს არის დაგეგმილი.