ევროკავშირის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, €3 მილიარდის გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ. ევროკავშირისგან თანხას უკრაინა, სავარაუდოდ, ზაფხულამდე მიიღებს და რეკონსტრუქციასთან ერთად, საჭირო იარაღის შესაძენადაც მოიხმარს. ამის შესახებ ინფორმაციას euronews.com-ი ავრცელებს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 210 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა. გაყინული რუსული აქტივების ძირითადი მარაგი ბელგიური ფინანსური ინსტიტუტის, გადახდების გაცვლის ფასილიტატორი დაწესებულება Euroclear-ის დაქვემდებარებაშია. ბელგიური მხარის განცხადებით (რომელიც ამჟამად ევროპულ საბჭოში მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს) შეთანხმება ეროვნული წარმომადგენლების რეგულარულ შეხვედრაზე შედგა.
უკანასკნელი რამდენიმე თვეა ბრიუსელი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის – წლიურად დაახლოებით €3 მილიარდი – უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებაზე მსჯელობს. მოგვიანებით კი ბლოკმა, თავისი გეგმები რეკონსტრუქციასთან ერთად, კიევის სამხედრო ხარჯების დასაფარადაც გააფართოვა.
საბოლოო შეთანხმებით, უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივებიდან შემოსავლის 90%-ს მიიღებს. დარჩენილ 10%-ს კი Euroclear-ი შეინარჩუნებს იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსური სახსრების გამო იურიდიული დავა დაიწყება.
უკრაინას დახმარებას ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით გადაეცემა.