შსს განცხადებას ავრცელებს ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
„საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
11 მაისს, გვიან ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქის დაკავების შესახებ. თუმცა, ამ ინფორმაციის გადამოწმებას რადიო თავისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს. მოქალაქის დაკავების შესახებ არაფერს წერს გავრცელებულ განცხადებაში არც შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ფორუმი