როგორი იყო განვლილი 10 წელი “ნექსია საქართველოსთვის”?

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის ქართულ წარმომადგენლობას 10 წელი შეუსრულდა. კომპანიამ იუბილე 700-ზე მეტ კლიენტთან და პარტნიორთან ერთად აღნიშნა, რომელთა შორისაც Nexia International-ის ქსელის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებიც ხვდებიან. “ნექსია საქართველოს” მიერ განვლილ 10 წელზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში მისი მმართველი პარტნიორები, გელა მღებრიშვილი და დავით ლომიძე საუბრობენ.
გელა მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ გასული 10 წლის მანძილზე, “ნექსია საქართველოსთვის” პრიორიტეტული მიმართულება თანამშრომელთა კმაყოფილება იყო, რასაც კომპანიამ წარმატებით მიაღწია.
“Nexia ერთ-ერთი ბოლო კომპანია იყო, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო საქმიანობა. 10 წლის შემდეგ კი მივაღწიეთ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების ლოიალობას. გვაქვს პარტნიორთა საკმაოდ სერიოზული ბაზა.
გარდა ამისა, თანამშრომლების რაოდენობით, საქართველოში ყველაზე დიდი კომპანია ვართ აუდიტორულ ბაზარზე: გვაქვს და მუდმივად ვაუმჯობესებთ კომპანიაში მეგობრულ გარემოს, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია – თანამშრომელი თუ კარგად არ გრძნობს თავს კომპანიაში, ასეთი კომპანია, წარმოუდგენელია, განვითარდეს და წინ წავიდეს”, – აღნიშნავს მღებრიშვილი.
დავით ლომიძე აღნიშნავს, რომ თანამშრომლების რაოდენობის გარდა, “ნექსიას” მიღწევები და სახელმწიფო თუ კერძო ჯილდოებიც ადასტურებს, რომ კომპანიებისთვის გუნდის წევრების კომფორტი და განვითარება, პრიორიტეტული მიმართულებაა. მისივე თქმით, დაფუძნების დღიდან დასახულ მიზნებს შორის ასევე ხვდება სანდო პარტნიორობა მომხმარებლებთან და საერთაშორისო აღიარების მოპოვება.
“კიდევ ერთი მიზანი, რაც თავიდანვე დავისახეთ და 10 წლის შემდეგ შევძელით, რომ მიგვეღწია ისაა, რომ ჩვენი კლიენტებისთვის ვყოფილიყავით არა მხოლოდ მათი მომსახურე კომპანია და ხარისხიანი სერვისის მიმწოდებლები, არამედ ვყოფილიყავით მათი პარტნიორები და მნიშვნელოვან მომენტში მათ გვერდით ვმდგარიყავით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ კომპანიები, რომლებთანაც თანამშრომლობა 10 წლის წინ დავიწყეთ, დღემდე მოგვყვებიან.
გარდა ამისა, პრიორიტეტი იყო ისიც, რომ არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ საქართველოში წარმატებით და ქსელშიც ვყოფილიყავით ერთ-ერთი ყველზე წარმატებული ოფისი, რათა ჩვენი ქვეყნის სიტყვა აუცილებლად გაგვეჟღერებინა ხმამაღლა. ამ აღიარების მოპოვება ძალიან მალევე შევძელით და ქართული ოფისის როლი ყოველთვის დაფასებულია”, – აღნიშნავს დავით ლომიძე.
დაფუძნებიდან 10 წლის შემდეგ, 2023 წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. “ნექსია საქართველოს” მმართველი პარტნიორები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს კომპანიამ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის – ISO 27001 დანერგვის პროცესი დაიწყო და წელს ოფიციალური სერტიფიკატის მოლოდინშია.