ვერ ვხვდები რას ნიშნავს „რუსული კანონი“… თქვენ იარლიყის პრობლემა გაქვთ? – „ორბი ჯგუფის“ დირექტორი

რომელია რუსული კანონი? – ამ კითხვით მიუბრუნდა „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იქნება თუ არა საუბარი „რუსულ კანონზე“.
მედიის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კითხვა ეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
„არ ვიცი… ბიზნესი არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მის ზრდაზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ. ვერ ვხვდები რას ნიშნავს „რუსული კანონი“. ვიცი, რომელ კანონზე საუბრობთ, მაგრამ რატომ უნდა უწოდო მას რუსული, არ მესმის. მე არ მინდა ისეთი განცხადება გავაკეთო, რაც მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საპირისპიროდ, მაგრამ მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც გამჭვირვალობაში, ვერც გახსნილობაში. კანონს რაც შეეხება, ბიზნესი ღია და გამჭვირვალეა. ჩვენ ყოველწლიურად ვაბარებთ დეკლარაციებს, ჩვენი ნებისმიერი ოპერაცია… “, – თქვა კვერღელიძემ.
კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის დარეგისტრირება როგორც გავლენის მქონე, კვერღელიძე პასუხობს, რომ ისიც დარეგისტრირებულია რეესტრში, რომელსაც „სამეწარმეო ჰქვია“.
„სხვა რეესტრს სხვა ექნება. მე არ ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მე ვარ ბიზნესმენი“, – თქვა ბიზნესმენმა.
მედიის წარმომადგენლების რეპლიკაზე, ხედავს თუ არა ის საფრთხეებს, მათ შორის დონორებთან ურთიერთობაში, ირაკლი კვერღელიძე პასუხობს, რომ მისთვის მთავარია, საქართველოს ეკონომიკისთვის რაც შეიძლება მეტი გააკეთოს.
„ყველას აქვს საკუთარი აზრი, საკუთარი პოზიცია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მინდა ჩემი განცხადება პოლიტიკურად მონათლოს ვინმემ და პოლიტიკაში ბიზნესის ჩართვის მცდელობა იყოს. შემეკითხეთ ეკონომიკაზე, ბიზნესზე და გიპასუხებთ“, – ამბობს კვერღელიძე.
რაც შეეხება პარტნიორების განცხადებებს, რომ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსს შეექმნას საფრთხე, რაც თავის მხრივ სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნის საინვესტიციო გარემოს და აისახება ბიზნესსა და ეკონომიკაზე ნეგატიურად, კვერღელიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა იზრდება ძალიან მაღალია ნიშნულით.
„ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, ბიზნესის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ხვალინდელ დღეს გამოაჩენს ხვალინდელი მოცემულობა. ნუ ვცდილობთ, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანოთ ეს თემა. ბიზნესი ღიაა და გამჭვირვალეა. რაც მე შევხედე კანონს, ეს იქნება ვალდებულება, რომ რეესტრში ჩაეწერონ. მე ვალდებული ვარ რეგისტრირებული ვიყო რეესტრში, ასევე ავტვირთო საჯაროდ ყველა თეთრის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში ვარ რეგისტრირებული. თქვენ იარლიყის პრობლემა გაქვთ? რომ იარლიყი გეკერებათ, თუ კანონშია რამე პრობლემა? ასეთი პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში? იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი კანონი არის, ასეთი ტერმინოლოგია არ გამოყენება“ – პასუხობს კვერღელიძე ჟურნალისტებს და განმარტა, რომ პირადად მას არასამთავრობოებთან არანაირი კითხვა არ აქვს.
მედიის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ ასეთი ტერმინოლოგიით სარგებლობენ რუსეთში და სწორედ ეს არ სურს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ბიზნესმენმა კი უპასუხა, რომ ტერმინოლოგია და რეგულაცია, რაც კანონშია გამოყენებული, ბევრ ქვეყანაში გამოიყენება.

bm.ge