დღეს ინვესტორებისგან უამრავ კითხვას ვიღებ… წარმოიდგინეთ, რა მოხდება კანონის მიღების შემდეგ?! – საშა ტერნესი

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესი აცხადებს, რომ უკვე უამრავ კითხვას იღებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
როგორც ტერნესმა 9 ბიზნესგაერთიანების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონის მიღება ქმედებებში აისახება და ინვესტიციებს შეაფერხებს.
“სრულიად ვეთანხმებით, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების სახელით მსურს ჩვენი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, არ მივყვებით პოლიტიკურ ტრენდებს თუ მოსაზრებებს, ძალიან პრაგმატულად ვუყურებთ. შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ჩვენგანმა, პირადად მე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ქვეყნის განვითარებისთვის. 5 თვის წინ, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო ყველა ვზეიმობდით. დასანანია იმის დანახვა, რომ ასე მცირე დროში შეიძლება ყველაფერი სწრაფად შეიცვალოს. თუ გვსურს, რომ გვქონდეს ძალიან პოზიტიური, უსაფრთხო სტაბილურობა და განვითარება, სრულად ვიზიარებ, რომ ევროინტეგრაციის გზა არ უნდა დავკარგოთ. შემიძლია გითხრათ, დღეს უკვე უამრავ კითხვას ვიღებ წევრებისგან, ინვესტორებისგან, პარტნიორებისგან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდება კანონის მიღების შემდეგ?! იქნება არა კითხვები, არამედ გადაწყვეტილებები აქტივობების შემცირების თუ შეჩერების მიმართულებით. ბევრი საინვესტიციო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღება, მაგრამ ახლა მოლოდინის რეჟიმშია. ბევრი კომპანია, რომელსაც საქართველოში საქმიანობის გეგმები აქვს, ამას არ გააკეთებს, რაც ვფიქრობ, სამწუხარო იქნება”, – თქვა საშა ტერენესმა.
bm.ge