მინისტრმა დარჩიაშვილმა სახელმწიფოს შეურაცხყოფა უწოდა საფრანგეთში ყოფილი ელჩის განცხადებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სახელმწიფოს შეურაცხყოფად მიიჩნევს განცხადებას, რომელიც საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს დღეს უკვე ყოფილმა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა ხუთშაბათს, 9 მაისს.
ჯავახიშვილმა ელჩის თანამდებობა დატოვა „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის და „ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებებისადმი დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქციის ფონზე.
დიპლომატის თანახმად, ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას, ამიტომ უშუალო ხელმძღვანელობას მიმართა თხოვნით, ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება.
გოჩა ჯავახიშვილს 10 მაისს ფეისბუკითვე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ირწმუნება, რომ ჯავახიშვილს უფლებამოსილება თავად შეუჩერა:
„მსურს გამოვეხმაურო გოჩა ჯავახიშვილის განცხადებას, რომელიც მან ჩემ მიერ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ამ განცხადებით გოჩა ჯავახიშვილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა, აგრეთვე თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს”.
დარჩიაშვილის თანახმად, ჯავახიშვილმა, რომელიც საქართველოს წარმოადგენდა ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში, „ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „საქართველოს დიპლომატიური სამსახური ყოველთვის იდგა და დგას მოწოდების სიმაღლეზე და სრულად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე”, უწყების თანამშრომლებმა „განუზომელი წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობაში და აუცილებლად მიიყვანენ ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეს” და „ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი”.
ილია დარჩიაშვილი განცხადებას იმით ასრულებს, რომ გოჩა ჯავახიშვილმა, „სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან”.
ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიღებული „აგენტების კანონი“, მისი დღევანდელი სახით, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და შეაფერხებს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის გაწევრების პროცესს. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კანონის საბოლოოდ მიღებას აპირებს და თან იმასაც აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება 2030 წლისთვის.