შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ და აქტივისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
აბაშიძის სახლში პოლიცია 9 მაისს საღამოს შევიდა. დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის მიმართ ბრალდება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობდა. თუმცა შსს-ს განცხადებაში საუბარია იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზეც.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების წარმოებისას აბაშიძეს არ მისცეს უფლება ვინმესთან კონტაქტი ჰქონოდა. აბაშიძესთან არ უშვებდნენ ადვოკატებსაც, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვად და სისხლის სამართლის დანაშაულად შეფასდა.
უჩა აბაშიძე ანტირუსული პროტესტის აქტიური მონაწილეა. სოციალური ქსელებით ის სისტემატურად აკრიტიკებდა რუსულ კანონს, ხელისუფლების ქმედებებს და პროტესტის მონაწილეებს უზიარებდა რჩევებს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობრივი ქმედებებისგან თავის დასაცავად.
ამავე თემაზე:
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 6 მომიტინგე დააკავეს როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს