უჩა აბაშიძე იარაღის უკანონო ფლობისთვისაა დაკავებული, გამოძიება კიბერდანაშაულზეცაა დაწყებული

ბლოგერი უჩა აბაშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
ამასთან, უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, , იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
შსს-ს თანახმად ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში.
“საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს”.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძის დაკავებისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის კადრებიც გაავრცელა.
გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, პარტია „ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტების, ასევე იუსტიციის სამინისტროს საიტის დროებით გათიშვის შესახებ. საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.
სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს. ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში.
უჩა აბაშიძის მეგობარი, ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაკავების შემდეგ ამბობდა, რომ უჩა აბაშიძეს აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თქმით, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა ის “პოლიციის მიერ იქნება ჩადებული”.
უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ “უჩა! უჩა!” პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ “მონებო”.
ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან განმარტოების საშუალება არ მიეცა და იმედოვნებდა, რომ ამას შეძლებდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში.
დაკავებამდე, უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს.
უჩა აბაშიძე სტაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, მოლაშქრეა, youtube-ს არხზე აქვს თავისი პერსონალური ვლოგი, რომელსაც 7 ათაზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი როგორც ბლოგერის პოპულარობა გაიზარდა უკრაინის ომის შესახებ მომზადებული მასალების შემდეგ,
უჩა აბაშიძე საქართველოს მმართველო პარტიის “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული “აგენტების კანონის” კრიტიკოსი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.
მას შემდეგ რაც პოლიციამ ბლოგერი, “აგენტების კანონის” კრიტიკოსი უჩა აბაშიძე დააკავა, მის სახლთან შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო მსვლელობით გადმოინაცვლა. მსვლელობის დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. უცნობია დაკავებულა ზუსტი რაოდენობა და ის თუ რას ედავება მათ შსს.
უჩა აბაშიძის დაკავებას გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი. განცხადებაში ეწერა, რომ თვალყურს ადევნებენ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.
“ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა”.
სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ომბუდსმენი ლევან იოსელიანი არ იმყოფება საქართველოში, “თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ