„ოცნება“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ ესწრება – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში იმართება, არ მივიდნენ.
ამის შესახებ მან დღეს, 9 მაისს, რუსთაველის თეატრის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს რუსთაველის თეატრში აღინიშნება ევროპის დღე. ევროკავშირის ელჩმა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მოიწვია, მაგრამ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ღონისძიებას არ ესწრება „ქართული ოცნებაა“. გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა ტერორი.
გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორზე და ძალადობაზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
როგორც თამარ კორძაია ამბობს, მიუხედავად სამთავრობო ტერორისა, ოპოზიცია ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე მტკიცედ იდგება.
„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შს მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით. იმიტომ, რომ იოლად ახერხებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წევრებსა და აქციის მონაწილეებს დევნიან და სცემენ ამ ქვეყანაში.
ამიტომ ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს. ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
რატომ არ ესწრებოდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ამის გადამოწმება ნეტგაზეთმა როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურთან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან სცადა. მათგან მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა.