როგორ უნდა მოიქცეთ თუ გამოკითხვაზე დაგიბარეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, რომლებსაც უწყების თქმით, შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ -ში მიმდინარე გამოძიებასთან, გამოკითხვაზე დაიბარებენ.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აქვეყნებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ პოლიციაში გამოკითხვაზე დაგიბარებენ.
საბა ბრაჭველის პოსტს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:
· უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
· თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
· თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.
· არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ;
· არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ;
· არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ ‘შედეგებით’, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.
სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი — 577070563;
სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი — 1481;
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია,“ — ამბობს საბა ბრაჭველი.
დღეს 9 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში არაფერი უთქვამთ გუშინ 8 მაისს ღამით განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
მათ შორის 8 მაისს ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.
შსს-ში განაცხადეს, რომ 8-9 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე 6 პირი დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით ედავება, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უწყებაში გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ