შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე “მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით” გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ სამი მუხლით დაიწყო.
სსკ-ის 222-ე მუხლი სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას გულისხმობს, 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ხოლო 226-ე მუხლი – ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
შსს-ს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან”.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურად მოქმედების ორგანიზებას, რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
შსს-ს ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.” – თქვა თამაზაშვილმა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის 6 მონაწილე დააკავეს