„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ

სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ. სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრით ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ – ესაა კანონპროექტი, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გამოიწვია.
მათი მონაყოლის მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმა ერთმანეთის მსგავსია: ჯერ კითხულობენ ვინაობას, შემდეგ ინტერესდებიან, წაკითხული აქვთ თუ არა კანონპროექტი და შემდეგი ეტაპი უკვე შეურაცხყოფის მიყენებაა.
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან ელოდება ინფორმაციას, დაიწყო თუ არა საკითხის შესწავლა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. აქციაზე სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.