„რუსული კანონი შეაჩერებს ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის, მედიცინის“ — ექიმები

საქართველოსა და საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები და მეცნიერები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი. „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ შემობრუნებულ კანონპროექტს ისინი „კრემლის მიერ შთაგონებულსა“ და „ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელს“ უწოდებენ.
“აღნიშნული კანონპროექტი არა მხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, არამედ ანგრევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, რასაც მსხვერპლად შეეწირება არაერთი თაობა და მისი მომავალი.
ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილდღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის, მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას, ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში დროული ჩართვა,“ — ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ისინი სოლიდარობას უცხადებენ მოქალაქეებს, რომლებიც კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყების დღიდან აწყობენ აქციებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
„სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასიათასობით ადამიანს, განსაკუთრებით — ახალგაზრდებს, მათ, ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს, რისთვისაც, ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა — ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს! ქედს ვიხრით, მათი გამბედაობის და შეუპოვრობის წინაშე, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში,“ — აცხადებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
განცხადებას ამ ეტაპზე 100-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.