აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 4 მაისს ცეცხლი მოსკოვიდან ჩაიტანეს. ადგილობრივი წყაროების თანახმად, ლაპარაკია ცეცხლზე, რომელიც კრემლის კედელთან, „უცნობი ჯარისკაცის“ საფლავზე ანთია. რუსეთთან თანამშრომლობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დმიტრი ფედოტოვი ამბობს, რომ „ხსოვნის ცეცხლი“ ოკუპირებული აფხაზეთის ყველა რაიონში გავრცელდება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 55 ათასი – აფხაზეთის თითქმის მეხუთედი წავიდა იმ ომში და მათგან 17 ათასი ვეღარ დაბრუნდა. აფხაზეთისთვის ეს სერიოზული რიცხვია, დიდი დარტყმა იყო. აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს აქ ბევრი მოხალისე ჩამოვიდა რუსეთიდან და კავკასიიდან. ისინი აქ იბრძოდნენ და იცავდნენ რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ახლა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი] დროს, აფხაზები იბრძვიან საერთაშორისო ბრიგადის „პიატნაშკა“ [Пятнашка»] შემადგენლობაში და იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს. ვამაყობთ, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები გვეხმარებიან ჩვენ ამ ოპერაციაში“, – თქვა ფედოტოვმა, 4 მაისს, სოხუმში.
რუსეთის საქმეების ე.წ. დროებითი რწმუნებული აფხაზეთში – მაქსიმ ლიტვინოვი აღნიშნავს, რომ „ხსოვნის ცეცხლის“ ერთ-ერთი სიმბოლური მნიშვნელობაა – მსოფლიოს გათავისუფლება ფაშიზმის ვირუსისგან.
სოხუმში გამართული ღონისძიების მიწურულს, ე.წ. რუსეთის საელჩოს მონაწილეობით, ცეცხლი დაურიგეს აფხაზეთის ადმინისტრაციული ერთეულების ე.წ. ხელმძღვანელებს.
როგორც იუწყებიან, “ხსოვნის ცეცხლი” ოკუპირებული აფხაზეთიდან ბოლო სამ წელიწადში უკვე მესამედ ჩაიტანეს – რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის – “სახალხო ფრონტი – რუსეთისთვის” წარმომადგენლებმა. 4 მაისს, მათ მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ.