სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პირად ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში აკრიტიკებს ანტირუსული აქციის მონაწილე ახალგაზრდების დისკრდიტაციის მცდელობებს. იოსელიანი ხაზს უსვამს, რომ ეს არის მისი, როგორც მოქალაქის და არა სახალხო დამცველის მოსაზრება.
„იშვიათად მინახავს ასეთი გულწრფელობა აქციაზე, ეს ამ თაობის მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. მე ვიცი ვინ დგას იქ, ისინი ჩვენი შვილები, მათი მეგობრები, ჩვენი მეგობრების შვილები, მეზობლები, ნათესავები არიან. კატეგორიულად მიუღებელია მათი შეურაცხყოფა, დემონიზება, ან ნებისმიერი პოლიტიკური ნარატივისადმი მიკუთვნების მცდელობა! მაქვს განცდა, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარ თავში, აწმყოსთან ერთად, ის წარსულიც გააერთიანეს, რომელიც მათი მშობლების თაობაა (თუნდაც, ისინი განსხვავებულად უყურებდნენ ბევრ რამეს) და ის მომავალიც, რომელიც ცალსახად მათია, ამიტომ მათზე თავდასხმა აპრიორი მარცხისთვისაა განწირული. ჩვენ ვერ ვიქნებით მათ გარეშე და ისინი უჩვენოდ, რადგან ეს ერთი დიდი ოჯახია. ვნახე კადრები, სადაც მოქალაქეების ჯგუფი აქციის მონაწილეს წიხლებით გაუსწორდა; ეს ის საშიში ზღვარია, რომლის შემდეგაც, უბნური ვენდეტები და გარჩევები იწყება. ამ ჯოჯოხეთს ძლივს დავაღწიეთ თავი და იქ არასდროს უნდა დავბრუნდეთ. სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხიმგებლობა აკისრია ამ შემთხვევაში, მან არ უნდა დაუშვას ძალადობა, ხოლო მოძალადეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი. ძალადობა დაუშვებელია შეკრების მონაწილეების მხრიდანაც, ყველას უნდა გვესმოდეს რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე დგას და ამ ინსტიტუციებს პატივისცემა სჭირდება, პოლიციელების შეურაცხყოფა, გინება თუ ფურთხება კატეგორიულად მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. სიძულვილის ენა ის წყევლაა, რაც ათწლეულების მანძილზე არ გვაძლებს საშუალებას გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების ირგვლივ, სიძულვილის ენის გამოყენება არის ადამიანის დეჰუმანიზაციის სამარცხვინო აქტი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად არჩეული უარგუმენტო გზა, განსაკუთრებით, როცა ჩვენს საამაყო სპორტსმენებზეა საუბარი, ისინი ბევრად მეტს აკეთებენ ჩენი ქვეყნისთვის, ვიდრე ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება შეიძლება იყოს, მათ აქვთ უფლება, აკეთონ საკუთარი საქმე და არავის აქვს უფლება ამუნათოს ამისთვის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაც ადამიანის უფლებაა და არა ვალდებულება. და ბოლოს, ისევ ჩვენს ახალგაზრდებს დავუბრუნდები, ჩვენი ევროპული მომავლის ფლაგმანს და ვიტყვი, რომ არ შევწყვიტოთ შრომა ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ორ სიტყვაში „ადამიანის უფლებები“, მთავარი სიტყვა ადამიანია,“ — წერს იოსელიანი.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. ტრადიციულად, შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა, თუმცა 2 მაისს დემონსტრანტები გმირთა მოედანზე გავიდნენ. თავდაპირველად, პოლიცია მათ საავტომობილო გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
უფრო მეტიც, გადაკეტვის შემდეგ პოლიციამ ისინი დაშალა და რამდენიმე ადამიანი დააკავა კიდეც. გარდა ამისა, უცნობი პირები თავს დაესხნენ მომიტინგეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ამის შემდეგ გმირთა მოედანზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გავიდა. საბოლოოდ, მთელი მოედანი, ყველა მიმართულებით გადაიკეტა – აქციაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქცია გამთენიისას დაიშალა. მაშინ, როცა მომიტინგეები სახლებისკენ მიემართებოდნენ, რამდენიმე უცნობი პირი მათ თავს დაესხა — როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი პროვოკატორები იყვნენ. შსს-ს აღნიშნულ ინციდენტზე არც თავად გაუვრცელებია ინფორმაცია და არც ნეტგაზეთის კითხვებს უპასუხა.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.