სასტუმრო “პარაგრაფთან” აქციის მონაწილე დააკავეს

თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთან” “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. როგორც მოგვიანებით თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განმარტა, იგი პოლიციელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს.
“აქციის მონაწილე გამოეყო სხვებს, პოლიციელებმა მოუწოდეს შებრძანდითო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს”, – თქვა ვაჟა სირაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ ადგილზე მყოფი პირებიდან არავის გაუგია გინება და არსებობს თუ არა კამერების ჩანაწერი? – ვაჟა სირაძე პასუხობს: “სასამართლოს როგორ გავმართავთ ახლა? ბიჭებს აქვთ ხოლმე [სამხრე კამერები] ჩართული. გავერკვევით სიტუაციაში, ვინ დააკავა და როგორ. უშუალოდ პოლიციელები აცხადებენ, რომ შეაგინა პოლიციელს”.
სასტუმრო “პარაგრაფთან”, სადაც აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას მმართველი პარტიის ლიდერებიც ესწრებიან, 19:00 საათზე დაიწყო მომიტინგეების შეკრება. მათ აქვთ ბანერები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერით, “არა რუსულ კანონს” და ცდილობენ ღონისძიების სტუმრებს, მათ შორის, “ქართული ოცნების” ლიდერებს ხმა მიაწვდინონ.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.