თურქეთში ინფლაციამ 70%-ს მიაღწია

თურქეთში ინფლაცია აპრილის ბოლოს 3,18%-ით დაჩქარდა და წლიური მაჩვენებლით 69,8%-ს მიაღწია. ამის შესახებ რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაშია ნათქვამი.
შედეგი ოდნავ უკეთესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი, რომლებიც აპრილში სამომხმარებლო ფასების ზრდას 3,22%-ით პროგნოზირებდნენ.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ფრინველის ხორცზე (13.57%), ახალ ხილზე (13.12%) და სიგარეტზე (10.53%) . საძინებლის ავეჯი 7,38%-ით გაძვირდა, საბავშვო ტანსაცმელი კი 6,48%-ით.
იმავდროულად, ზოგიერთ საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. ამგვარად, ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) 8,28%-ით გაიაფდა, კვერცხი და მისგან დამზადებული პროდუქტები – 6,48%-ით, მარგარინი – 1,17%-ით.
თურქეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდება, რომ ივნისიდან ქვეყანაში ინფლაცია სწრაფად კლებას დაიწყებს და წლის ბოლომდე 36%-ს მიაღწევს.
ცოტა ხნის წინ თურქეთმა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით, ლირაში გაკეთებული დანაზოგიდან საპროცენტო შემოსავალზე გადასახადი გაზარდა. მანამდე თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 50%-ზე დატოვა.