500 000 ივანიშვილის რიტორიკის წინააღმდეგ? – რა განკარგულება გამოსცა მთავრობამ –

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 500,000 ლარი გამოყო. განკარგულების თანახმად, 500,000 ლარის დაფინანსება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა. დაფინანსების გამოყოფა დაკავშირებულია ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 დათქმასთან, რომლითაც EU-მ საქართველოს ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 19 წლის წინ შეიქმნა და მის მიზანს საზოგადოებაში NATO-სა და დასავლური ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რუსული დეზინფორმაციის შეკავება წარმოადგენდა.
თუმცა, როგორც ევროკავშირის, ასევე -ის შეფასებით, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება საქართველოს დასავლეთისგან დააშორებს, ხოლო ანტიდასავლურ რიტორიკას ამჟამად თავად საქართველოს მთავრობა იყენებს.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს თბილისში გამართულ აქციაზე განაცხადა ის, რომ დასავლეთის მხრიდან სამოქალაქო სექტორის დაფინანსება “აგენტურის გამაგრებას” წარმოადგენს.
“ენჯეოების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს,”- განაცხადა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ