2-3 მაისს თბილისში, გმირთა მოედანზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული ათი პირი მოინახულეს. სახალხო დამცველის განცხადებით, მათი ნაწილი არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე მიუთითებს.
„სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი გასული ღამის მანძილზე ადგენენ აქციაზე დაკავებულთა ადგილმდებარეობას, ხვდებოდნენ დაკავებულებს და პირადად იგებდნენ ინფორმაციას მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ.
3 მაისის დილის მდგომარეობით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 10 პირი მოინახულეს.
ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეკითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტების ფაქტებზე? პასუხის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.
სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს (14 81), რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
„აგენტების კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე შეკრება 2 მაისის საღამოს, 18:00 საათისთვის დაიწყეს. გმირთა მოედანი, თამარ მეფის გამზირი, მარცხენა სანაპირო ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
3 მაისს, დაახლოებით ღამის 01:00 საათისთვის, ინციდენტი მოხდა გმირთა მოედანზე. თვითმხილველები და მათ შორის დაშავებული ორი მამაკაცი ჰყვებოდნენ, რომ მათ თავს დაესხნენ „პროვოკატორები“, რომლებიც ავტომობილებით შეცვივდნენ გმირთა მოედანზე, გადმოვიდნენ მანქანებიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რადიო თავისუფლებამ შსს-ს მიმართა დაკავებულ დემონსტრანტთა რაოდენობასა და ასევე იმაზე შეკითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებზე. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს “წიწაკის სპრეის”, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს.