„ქოცს“ და „ნაცს“ გაარჩევს ეს კრიზისი? – რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ე.წ „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას

საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო, რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება კანონის საბოლოოდ მიღებას, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა. მისი თქმით კანონის მიღება მნიშვნელოვნად გააუარესებს საქართველოს საინვესტიციო იმიჯს.
„ძალიან კარგი ტალღა იყო ქვეყანაში, ჯერ კანდიდატის სტატუსის მიღება, შემდეგ ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის, ხალხში ოპტიმიზმის განცდა ჩნდება, დაკრედიტებაც შეიძლება გაიზარდოს, უცხოური ინვესტიციები შეიძლება გაზარდოს, როდესაც კანდიდატი ქვეყანა ხარ და ამ ყველაფერს წყალში ყრის ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამას ექნება ეკონომიკური ეფექტი, ხვალ არ ვიცით რა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც 100 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, არ იციან ხელფასი ექნებათ თუ არა და მომავალი წელი საერთოდ ბუნდოვანია.
ჩვენ, ამ ადამიანებს გვეუბნებიან, რომ თითქოს გამჭვირვალობის ხაზით და ხათრით უნდა დაგვტოვონ უმუშევრები, საქართველო დატოვონ დამატებითი უცხოური დაფინანსების გარეშე, ამხელა უცხოური დაფინანსება შემოდის გრანტების სახით, რაც ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს, ძალიან ბევრი საქმე კეთდება ამ გრანტებით, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს გამჭვირვალობა არის მოგონილი თემა იმისთვის, რომ გაამართლონ ამ კანონის მიღება და ეს არის რუსული კანონი, რომელიც მიიღეს ს სატელიტ ქვეყნებში. მის მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი შეზღუდვა და მისი მთავარი მიზანია საწინააღმდეგო და ოპოზიციური აზრის დათრგუნვა და ამაში ჰყვებიან ის ორგანიზაციებიც, რომლებიც საერთოდ აპოლიტიკურია. ყველა ორგანიზაციას ერთ ქვაბში გვყრიან და გვიპირებენ დატოვონ ქვეყანა ოპოზიციური აზრის გარეშე და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოაცხადონ უცხოურ აგენტებად.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
კითხვაზე თუ რამდენად შესაძლებელი იქნებოდა საგადასახადო კუთხით ახალი მუხლის დამატება და რეესტრში დეკლარაციის ატვირთვის ვალდებულება და რამდენად მოაგვარებდა ეს პრობლემას, გიორგი კეპულაძე პასუხობს, რომ სავსებით შესაძლებელი იქნებოდა გამჭვირვალობის საკითხის მოგვარება პატარა ცვლილებით.
„როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი არსებობს, ასევე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო რეესტრი სადაც აიტვირთებოდა ვინ რა შემოსავლები მიიღო უცხოეთიდან თუ ქართული ფონდებიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ, მაგრამ ყველა ძალიან კარგად ვხვდებით რატომ იღებენ ამ კანონს, ამის მიზანია რომ მაქსიმალური კონტროლი დაწესდეს საპირისპირო აზრზე. პოლიტიკური ველი მაქსიმალურად მოსუფთავებული ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილს და ვინც მას ნერვებს უშლის არის თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიას სარეკლამო ბაზარი შეუზღუდა სხვადასხვა რეგულაციებით და კრიტიკული მედია, ძირითადად ინტერნეტ გამოცემები არიან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოური გრანტებით და სწორედ მათ დაარტყამს ეს. მიზანი საერთოდ სხვა არის და შეფუთულია. კანონით მათ ექნებათ უფლება რომ გაატარონ რეპრესიები.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
იმ შემთხვევაში თუ მთავრობის წევრებს დაასანქცირებენ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას და რამდენად გადავა ეს ეკონომიკაზე, გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, რომ დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში ცხოვრება ჯერ არ ვიცით როგორია, თუმცა კეპულაძის თქმით ეს დაძაბავს როგორც პოლიტიკურ ფონს, ასევე დასავლეთთან ურთიერთობას და ეკონომიკურად გაურკვევლობა წარმოიშობა.
„ეს გაურკვევლობა ლარის კურსზეც აუცილებლად აისახება, შეიძლება ვიღაცებმა ბანკიდან ფული გაიტანოს, მეანაბრეების დიდი ნაწილი, რომ ერთიანად მიადგეს ბანკებს და თავისი ფულის გამოტანა დაიწყოს ვინმე ფიქრობს რა კოლაფსი შეიძლება მოხდეს, ვინმე ფიქრობს ამაზე? თუ „ქოცს“ და „ნაცს“ გაარჩევს ეს კრიზისი? მე ვფიქრობ, რომ დასაფიქრებელია.
მოსახლეობის პოზიცია ძალიან კარგად ჩანს, ყველა კარგად ხვდება და აცნობიერებს, ვუთვლით, ვუყვებით არგუმენტებს, ყველას წაკითხული აქვს და ყველა ხვდება რა ემუქრება ქვეყანას ამ კანონით, უკან დასახევი გზა „ქართულმა ოცნებამ“ არ დაიტოვა, ამ კანონის უკან გაწვევაც დააზარალებთ, მიღებაც შეიძლება დროებით იზეიმონ, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური დაზიანება მოჰყვება. ჩვენი ეკონომიკა ნებისმიერ რყევაზე მკვეთრად იცვლება, რა შედეგებს გამოიწვევს ამაზე არავინ არ ფიქრობს.
ადამიანებს უჭირთ ამ ქვეყანაში, ბავშვები შიმშილობენ და ამ პრობლემების გადაჭრის მაგივრად ებრძვიან იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია ქალთა გაძლიერებაზე, რეგიონების გაძლიერებაზე და ა.შ. სხვადასხვა საკითხზე მუშაობს.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
კითხვაზე თუ რატომ არის კანონი რუსული, გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ კანონი ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, საწინააღმდეგო აზრის მქონე ორგანიზაციების საქმიანობას და ავტორიტარიზმს და დიქტატურას უწყობს ხელს.
„ეს კანონი მოსწონს დუგინს და ლავროვს, ანუ საქართველოს დაუძინებელ მტრებს მოსწონს ეს კანონი, დუგინი არის ადამიანი, რომლის სურვილია რომ გაგვაქროს დედამიწიდან. ამ კანონის სულისკვეთება არის რუსული, ავტორიტატული და დიქტატორული.“ – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.