იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა და ბიზნესმრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის” რუბრიკაში „შენი უფლებები გვანცა ჟორჟოლიანთან ერთად” ადმინისტრაციული წესით დაკავებისას მოქალაქის უფლებებზე ისაუბრა.
პირველ რიგში, მან ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. არის არჩევნების წელი და მეორე მხრივ, ევროკავშირი ახლა ძალიან რთულ გზაჯვარედინზეა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტის მიერ ამ ეტაპზე განხილვა არ იყო დროული და არ არის მიზანშეწონილი.
გარდა ამისა, როგორც იურისტი, ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. კონსტიტუცია სწორედ ამით იწყება, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია გაატაროს ხალხის ნება“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მისი ინფორმაციით, 30 აპრილს საპროტესტო აქციაზე 65-მდე ადამიანი დააკავეს და 1-ელ მაისს კი დაკავებულ იქნა 40-მდე პირი.
როგორც იურისტმა განმარტა, არსებობს დაკავების ორი სახე: ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით.
„ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევაში მოქალაქემ პირველ რიგში უნდა იკითხოს პოლიციელის ვინაობა, რომელიც ატარებს ამ ღონისძიებას. როგორც წესი, პოლიციელს უნდა ეცვას უნიფორმა, მაგრამ თუ არ აცვია, მოქალაქე ვალდებულია მოითხოვოს იმ პიროვნების სახელის და გვარის გაგება, ვის მიერაც ხდება დაკავება.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უნდა მოვთხოვოთ ჩართოს სამკერდე ვიდეო კამერა. თუ დაკავება ხდება ისეთი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელსაც არ აქვს სამკერდე კამერა, ყველა მოქალაქეს კანონით უფლება აქვს თავად გადაიღოს დაკავების პროცესი. თუ მას არ აქვს ამის საშუალება, შეუძლია სთხოვოს სხვას ვიდეოს გადაღება. მაგალითად თანმხლებ პირს, მეგობარს, თუნდაც გამვლელს“, – განაცხადა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა უფლებებით ვსარგებლობთ, როდესაც პოლიციელს ადმინისტრაციული დაკავებისას მოქალაქის გაჩხრეკა სურს.
„ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდეს მოქალაქემ, დაკავების დროს პოლიციელს უფლება აქვს მხოლოდ ზედაპირულად გაჩხრიკოს, რაც გულისხმობს ტანსაცმელზე ხელით ზედაპირულ შეხებას ან სპეციალური დეტექტორის გამოყენებას.
თუ ტარდება მოქალაქის სრულუფლებიანი ჩხრეკა, მოქალაქემ უნდა მოითხოვოს შესაბამისი სასამართლო დადგენილება კონკრეტული პირის ჩხრეკაზე, კონკრეტული ნივთის ამოსაღებად ან გამომძიებლის დადგენილება, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ითხოვენ ჩანთის გახსნას, მოქალაქემ თავად უნდა გახსნას ჩანთა, მაგრამ პოლიციელს უფლება არ აქვს ჩანთა შეამოწმოს ხელით და შეეხოს მოქალაქის ნივთებს“, – აღნიშნა იურისტმა.
ამავდროულად მნიშვნელოვანია ინფორმირებული ვიყოთ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს.
„მოქალაქემ უნდა გაარკვიოს, რას ედავებიან და რის საფუძველზე ხდება მისი დაკავება. როდესაც ხდება მოქალაქის გადაყვანა დროებითი დაკავების იზოლატორში და მოქალაქეს მიყენებული აქვს დაზიანებები, მას უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო დახმარება. ასევე აქვს ადვოკატის აყვანის უფლება და სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება. მოქალაქეს იმდენი ზარის განხორციელების უფლება აქვს, სანამ არ მოხდება კონტაქტი რომელიმე მისთვის სასურველ პიროვნებასთან
პოლიცია ვალდებულია დაკავებული მოქალაქე 24 საათში გადაიყვანოს სასამართლო დარბაზში. ხოლო თუ ამ დროის გასვლის შემდეგ პოლიციამ გაგზავნა სასამართლოში შეტყობინება, რომ კიდევ 24 საათი სჭირდება მოქალაქის დაყოვნება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამ შემთხვევაში, ჯამში მოქალაქე დროებითი დაკავების იზოლატორში უნდა იყოს მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში.
თუ ამ დროის განმავლობაში არ ჩატარდა სასამართლო სხდომა და მან არ მიიღო გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენი, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოქალაქე“, – განმარტა იურისტმა.