„ქართული ოცნების“ დეპუტატები, დიტო სამხარაძე და შოთა ხაბარელი აკრიტიკებენ სპორტსმენებს, რომლებმაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტს მხარი დაუჭირეს.
ხაბარელი მიმართავს ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც დღეს დაგმო მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
„ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდისმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი… ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები“, — ნათქვამია შოთა ხაბარელის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ხაბარელი მოუწოდებს ზივზივაძეს, კანონი წაიკითხოს და უთხრას, რა არ მოსწონს, ან „ისეთ არხებს უყუროს, სადაც ნახავს, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს“.
„არ მგონია, შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა“, — წერს ხაბარელი.
შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს კიდევ ერთი დეპუტატი, დიტო სამხარაძე და ამბობს, რომ სპორტსმენებს პოსტებს სხვები აწერინებენ.
„ბიჭო მართლა რა გაახურეთ საქმე. არ ვიცოდეთ მაინც, სად, ვინ და როგორ გაბულინგებთ!“, — წერს სამხარაძე და ამბობს, რომ სპორტსმენებს მოუწოდებს, „სპორტი აკეთონ“.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისა და რაგბისტების ნაწილმა დღეს მხარი დაუჭირა პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.