მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი და არის მათ განკარგულებაში
მუშაობს დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც არის პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილი და არის მათ განკარგულებაში. გახსოვთ, რომ სახელმწიფოს, მამულის, ენის და სარწმუნოების მხარდასაჭერად მოსული ხალხი გააშუქეს, თითქოს ეს მთავრობის საწინააღმდეგო აქცია იყო. გუშინ, რაღაც გაურკვეველი ნივთიერებები იყო გამოყენებული და ასევე წინსწრებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ეს პოლიციამ და შსს-მ გამოიყენა. რეალურად, ეს აუცილებლად გადამოწმდება და მოქალაქეებს აუცილებლად ეცოდინებათ, ვინ იდგა ამ დეზინფორმაციის უკან და ვინ გამოიყენა ეს კონკრეტული აირი თუ საშუალებები მიტინგის მიმდინარეობის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მან ასევე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის მიხედვით, პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე იმიტომ ამოქმედდა, რომ მმართველ გუნდს ეშინია.
“ეს რა თქმა უნდა, არის იაფფასიანი სპეკულაცია, სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და ვნახავთ იქ, ვის ვისი ეშინია.” – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს დესტაბილიზაციის და არჩევნების გვერდის ავლის გზით ძალადობრივი შეტევებით გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. “არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შემოიტანოს და დაემუქროს ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების უსაფრთხოებას, რისი აშკარა ნიშნებიც, ბოლო დღეების განმავლობაში იყო, მათ შორის, ვიმეორებ, იყო შეტევა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე, დღეს სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების მაღალი დონე გამოცხადებული, ეს სხვათა შორის, ხდება პირველად, უახლეს ისტორიაში. როდესაც სახიფათო გზაზე ვსაუბრობთ, ზუსტად ეს არის სახიფათო გზა, როდესაც დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით არის მცდელობა, ძალადობით და ძალადობრივი შეტევებით იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანაში, რასაც არ დავუშვებთ.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.