სახალხო დამცველი: პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები. რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას.
“ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.
პირველი მაისის ღამის შემდეგ დაკავებულია 65-მდე ადამიანი.
ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.