ომბუდსმენი: მომიტინგეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას.
ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტებს. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა პარლამენტის “ჭიშკრის მთლიანობის დაზიანებას”.
“საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მართალია შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის შენობაში შეწყვეტილია საკანონმდებლო პროცესი და მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გაცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს”, – განაცხადა ომბუდსმენმა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.
ადგილზე არიან ნეტგაზეთის ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაუშვეს გაზი, ჭირს სუნთქვა, ადამიანებს ეწვით ყელი.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, რადგან აქციის მონაწილეებმა „საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.