შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, სპეცრაზმი აქციაზე მხოლოდ “კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს” – წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებს და რეზინის ტყვიების სროლას ადგილი არ ჰქონია.
“მიუხედავად იმისა, რომ აქცია არის ძალადობრივი ხასიათის, შსს-ს ამ დრომდე არ განუხორციელებია აქციის შეწყვეტისთვის საჭირო ღონისძიებები. კერძოდ რობოკოპების მეშვეობით ტერიტორიის გაწმენდა. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ზოგიერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს აქციის მონაწილეები ცდილობენ სამართალდამცველებისგან თავის დაცვას, მაშინ როდესაც სამართალდამცველები იმყოფებიან პარლამენტის შენობის შიდა ტერიტორიაზე და ცდილობენ დაიცვას შენობა უნებართვო შეჭრისგან”, – ამბობს დარახველიძე.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “აღარ არსებობდა დეპუტატებზე ინდივიდუალური თავდასხმის საფრთხე”, სამართალდამცავებმა დაკავებული ტერიტორია გაათავისუფლეს, რასაც შეკრებილების მიერ პარლამენტის ტერიტორიაზე უნებართვოდ შეღწევის მცდელობები მოჰყვა. დარახველიძე აქციას “ძალადობრივი ხასიათისას” უწოდებს.
შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორივე სანაპირო და “ხელოვნურად ახდენენ საავტომობილო მოძრაობის პარალიზებას”.
პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს იყენებენ. ვრცელდება კადრები, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით თვალი აქვს დაზიანებული.