შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობიდან დეპუტატების “უსაფრთხოდ გამოსვლა უზრუნველყვეს”.
“ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე”.
უწყება მოუწოდებს პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.
“კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა.