შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, არ გადაკეტონ გზები და პარლამენტის პიკეტირება არ სცადონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პირველ მაისს დაგეგმილ მორიგ დემონსტრაციას ეხმაურება და აქციის მონაწილეებს აფრთხილეს, არ გადაკეტონ საავტომობილო გზები და არ სცადონ პარლამენტის პიკეტირება.
პარალელურად, 19:30 საათისთვის პოლიციელებმა პარლამენტის უკანა შესასვლელი დაიკავეს.
„მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფორმებში და არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება“, – აცხადებს .
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა აკრძალულია.
შსს-ს თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას“, რის გამოც „ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები“.
„აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღესაც იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა. ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას.
შსს ასევე ამბობს, რომ 30 აპრილს „აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა“.
კერძოდ, უწყების თანახმად, მას „ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებს სამინისტრო.
თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია 1 მაისს საღამოს ხუთი საათიდან არის დაგეგმილი – პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.
30 აპრილის ღამეს პოლიციამ კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაცია დაარბია.
დაკავებულია 63 ადამიანი.
ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა აქციის ხუთ მონაწილესა და ექვს პოლიციელს.
კადრებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების არაერთი ფაქტი ჩანს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების“ ფაქტებზე მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.
„აგენტების კანონი“, – ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.
პირველი მაისი მეორე დღეა, რაც პარლამენტი პლენარულ სესიაზე მას მეორე მოსმენით განიხილავს.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება