„მივმართავთ ძალოვანებს, დაიცავით მანიფესტანტები ისე, როგორც იცავდა 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია“ – გია დვალი და ზაზა ოსმანოვი

„მივმართავთ ძალოვანებს, დაიცავით მანიფესტანტები ისე, როგორც იცავდა დემონსტრანტებს 9 აპრილს მაშინდელი ქართული მილიცია“, – ამის შესახებ ფიზიკოსების, გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
ფიზიკოსები წერენ, რომ „რუსული კანონის” მიღება ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობაა იმის, რომ მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე 35 წელია ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის იბრძვის.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი თაობის, ჩვენი შვილების თაობის, გვერდით, რომელიც მასიურად ჩაერთო მშვიდობიან პროტესტში „რუსული კანონის” წინააღმდეგ. მათ შესანიშნავად ესმით თუ რისთვის იბრძვიან. ეს არ არის უკმაყოფილება რაიმე ერთი მორიგი კანონით, არამედ მიმართულების განმსაზღვრელი ნიშნული: შევდგებით ჩვენ საბოლოოდ როგორც დემოკრატიული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლე და ღირსება არის მთავარი ფასეულობები, თუ ჩამოვყალიბდებით როგორც ტოტალიტარული იმპერიის გუბერნია.
ეს უკანასკნელი უკვე პირდაპირ და დაუფარავად გაცხადდა როგორც ხელისუფლების მიერ დასახული კურსი. ძნელია იმის დაჯარება რომ ხელისუფლებას არ ესმის, თუ რამხელა უბედურების მომტანია ეს გზავნილი. ეს არის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა და პირდაპირი მცდელობა მორალურად გასრისოს ჩვენი საზოგადოება, რომელიც უკვე ოცდათხუტმეტი წელია იბრძვის ღირსეული და დემოკრატიული არსებობისთვის თავისუფალ და სამართლიან ქვეყანაში.
შესაბამისად, მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მოქალაქეების სამართლიან წინააღმდეგობაზე.
გვინდა მივმართოთ ძალოვნებს, რომ არათუ არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ, არამედ საჭიროების შემთხვევაში ყველანაირად დაიცვან ისინი, როგორც იცავდა 9 აპრილს დემონსტრანტებს მაშინდელი ქართული მილიცია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ გვიან არ არის დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს და არ გადაჩეხოს ქვეყანა უფრსკულში.
მიეცით ახალ თაობებს საშუალება იცხოვრონ და განვითარდნენ თავისუფალ და დემოკრატიულ სივრცეში.
არა ტოტალიტარიზმს!“, – ნათქვამია გია დვალისა და ზაზა ოსმანოვის ერთბლივ განცხადებაში.