ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე ფეისბუკზე ეხმაურება პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვას და მის საწინააღმდეგო უწყვეტ, ხალხმრავალ პროტესტს, რომლის ჩახშობასაც სახელმწიფო საპოლიციო ძალების გამოყენებით ცდილობს. შოთა არველაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი, მოუხადოს ბოდიში დაზარალებულებს და მისცეს ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.
“არ შეგვარგეს ის ზეიმი, რომელიც კვირების და თვეების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, არ შეარგეს განსაკუთრებით იმ მოზარდებს, რომლებიც სიხარულით სტადიონზე გადახტნენ და მთელი ღამე, დროშით ხელში, რუსთაველიდან თავისუფლების მოედნამდე იარეს. დაუჯერებელია, რომ წარსულის ამდენი მაგალითი საკმარისი არ არის და საკუთარი ამბიციების თუ თავსმოხვეული თემების გატანა კვლავ ასეთი ფორმით ხდება. ხანდახან ჩუმად ყოფნა სჯობს, იმიტომ რომ ვხედავ თაობას, რომელიც ჩვენზე მეტს შეძლებს და ნაწილობრივ უკვე აკეთებს. ხანდახან არაფრის თქმა სჯობს იმიტომაც, რომ ზოგჯერ ქმედების დროა და არა ლაპარაკის, მაგრამ დაუშვებელია მომავალი თაობის მიმართ მოქნეული ხელი ვინმეს შერჩეს. არ გვჭირდება არავინ და არაფერი, რომელიც ძირს გამოგვითხრის, ყველას და ყველაფერს დაგვაპირისპირებს. გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა”, – წერს ფეხბურთელი.
“აგენტების კანონს” ის ღიად უპირისპირდებოდა გასული წლის მარტშიც: “არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს”, – აღნიშნავდა შოთა არველაძე 2023 წლის 6 მარტს გამოქვეყნებულ სტატუსში.
თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია 1 მაისს საღამოს ხუთი საათიდან არის დაგეგმილი – პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.
30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია – დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდნენ აქციის ხუთი მონაწილე და ექვსი პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.