ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი „აგენტების კანონის” გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და ხელისუფლებას აკრიტიკებს. კვირიკაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი იყო, ამბობს, რომ ამ კანონის მიღებით ხელისუფლებას დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
„დიდ შეცდომად ვთვლი ხელისუფლების მხრიდან მთელს დასავლეთსა და ე.წ. ომის პარტიას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და დონორული პროექტების განმახორციელებელი ყველა ორგანიზაციის უცხო ძალის ინტერესის გამტარებლად წარმოჩენას. მთავრობის მიერ დეკლარირებული გამჭვირვალობის ამოცანების გადაჭრა აბსოლუტურად მიღწევადი შეიძლებოდა ყოფილიყო საზოგადოებაში ამ მასშტაბის დაპირისპირების გარეშე – არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებებით ან თუნდაც ახალ კანონმდებლობაში უფრო კორექტული ფორმულირებებით.
ამის საპირისპიროდ, ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა:
ა) არჩევნებზე ოცნების მომხრე დასავლეთთან დაახლოების მოსურნე ელექტორატის მნიშვნელოვნად შემცირებით;
ბ) დასავლეთთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებით;
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
გ) ახალგაზრდობის დიდ ნაწილთან უზარმაზარი კედლის აშენებით”, – წერს ის.
ყოფილი პრემიერი ასევე ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეების დარბევა 2012 წლამდე არსებულ ვითარებასთან ასოციაციებს აჩენს.
„აქციებზე სასტიკად ნაცემი თითოეული ადამიანის ნახვა მძიმე ასოციაციებს აჩენს 2012 წლამდე არსებულ რეალობასთან. ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და არ დავუშვათ ძალადობა, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგი, რისი დადგომის რისკიც საკმაოდ მაღალია და რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლება იქნება”, – წერს კვირიკაშვილი Facebook-ზე.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაარბია, გამოიყენა წყლის ჭავლი და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.
აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი – „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.