ნინო დოლიძე ევროკავშირის ხელმძღვანელ პირთან შეხვედრაზე – ძირითადად ვისაუბრეთ არა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, სადაც წარმატებები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, არამედ გასული ღამის განმავლობაში განვითარებულ პროცესზე

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანისთან შეხვედრაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
როგორც დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ძირითადი საკითხი იყო ის, თუ რამდენად შეძლებს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით სიარულს, მაშინ როცა ინიცირებულია „რუსული კანონი“.
„რა თქმა უნდა, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მთავარი თემა იყო, დღეს მიმდინარე პროცესების ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო ევროინტეგრაციის მიმართულებით სიარულს, მაშინ როცა ინიცირებულია „რუსული კანონი“ და მაშინ როდესაც ეს კანონი არის წინააღმდეგობაში ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომ ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ არა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, სადაც წარმატებები, ფაქტობრივად, არ გვაქვს, არამედ „რუსულ კანონზე“ და მიმდინარე პროცესებზე. მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესი იყო, გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე, დაკავებულ ადამიანებზე – მათ რა ბედი ელით და როგორ წარიმართება პროცესები, ასევე, ჩვენ როგორ დახმარებას ვუწევთ. რა თქმა უნდა, მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით და ქართველი ხალხის გვერდით დგას. ისინი ბოლომდე ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სადარაჯოზე იქნებიან“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო