არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციის დაშლასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ დარბევა და პოლიციელების მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო ადმინისტრაციული დაკავება კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით – არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები”- თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
