77 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი

77 წლის ასაკში ფილტვის კიბოს გართულების შედეგად გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოლ ოსტერი, ავტორი 34 წიგნისა, მათ შორის ცნობილი “ნიუ-იორკის ტრილოგის” და “ილუზიების წიგნის”. მწერალი გარდაიცვალა 30 აპრილს, საღამოს, თავის სახლში, ბრუკლინში, ოჯახის გარემოცვაში.
ოსტერმა სახელი გაითქვა 1980-იან და 1990-იან წლებში, თავისი “ნიუ-იორკის ტრილოგიით”, რომელშიც ის დეტექტიური ჟანრის მეტაფიზიკურ, ფილოსოფიურ გადააზრებას გვთავაზობს და სცენარით საკულტო ფილმისთვის Smoke, რომელიც ბრუკლინის თამბაქოს მაღაზიაში თავმოყრილი, დაკარგული და ტკივილიანი ადამიანების ურთიერთობებზე და ბედისწერაზე გვიყვება.
მედია ოსტერს “ლიტერატურის სუპერვარსკვლავს” უწოდებდა, კრიტიკოსები მის პროზას ახასიათებენ “ნუარის” ჟანრის რომანის პოსტმოდერნისტულ გადააზრებად, არასანდო მთხრობელებით, სიუჟეტის არასტაბილური ღერძით, აუტსაიდერი პერსონაჟებით, ადამიანური ტკივილით და კავშირებით. ოსტერის ტექსტები ხშირად ეხმიანება დამთხვევის, შემთხვევითობის, ბედისწერის თემატიკას, პერსონაჟებს შორის გვხვდებიან მარტოსული მწერლები, მისი ადრეული რომანების გმირები ზოგჯერ გვიანდელი პერიოდის რომანებშიც იჩენენ თავს.
პოლ ოსტერი ნიუ-ჯერსიში დაიბადა, პოლონელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. თუმცა შემდგომში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და მისი შემოქმედებაც განუყოფელია ნიუ-იორკის, განსაკუთრებით ბრუკლინის ატმოსფეროსგან და რიტმისგან.
2017 წელს პოლ ოსტერმა გამოაქვეყნა მონუმენტური რომანი “4 3 2 1”, რომელშიც ის ამერიკულ საზოგადოებას რიგითი კაცის, არჩი ფერგიუსონის ცხოვრების პრიზმით აღწერს და რომელსაც თავად მწერალი თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევდა.

ასევე დაგაინტერესებთ