სასწრაფო აცხადებს, რომ ადგილზე ბრიგადები საკმარისია, საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება.
მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე.
საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, რომ მოქალაქეებს მისცეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას“ – აცხადებს უწყება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წერს, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი. დაშავებული აქციის მონაწილეების შესახებ უწყება არაფერს წერს.
ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება