ლელოს წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, რომელიც რუსული კანონის განხილვისას, კომიტეტის სხდომიდან გააძევეს, აპირებს ფიზიკურ ძალადობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ასევე ანრი ოხანაშვილისა და მანდატურების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.
“რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს ფიზიკური ძალადობაა, ამიტომ, ვაპირებ, რომ ფიზიკურ ძალადობაზე შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს”, – თქვა სამადაშვილმა.
სალომე სამადაშვილი მეოთხე ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა.
“რუსულ ხელისუფლებას არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს, იმ ხალხმაც კი, ვინც დღეს ჩამოჰყავთ აქ მიტინგზე. სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება ემუქრება საქართველოს არა მხოლოდ იმით, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკება არ დაუწყია, არამედ იმით, რომ უვიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, ჩვენ გაგვიუქმებენ, თუ მოხდება ამ კანონის მიღება. ეს ხალხი ატყუებს საზოგადოებას, რომ ეს არის შეუძლებელი. ამიტომ დავსვი ეს საკითხი, რადგან, მინდოდა, რომ გვესაუბრა სწორედ ამაზე და გამომაძევეს სხდომიდან”, – თქვა სამადაშვილმა.