შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „ოცნების“ კონტრაქციისთვის მომზადებული სცენა არ დააზიანონ

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების“ კონტრაქციისთვის მომზადებული სცენა არ დააზიანონ.
ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა.
კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხვალ, 29 აპრილს კი კონტრაქციას მართავს „ქართული ოცნება“. ხელისუფლების კონტრაქციისთვის პარლამენტის წინ უკვე მოწყობილია სცენა, რომელიც ჯებირებითაა შემოსაზღვრული. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ სცენაზე ასვლის უფლება მისცენ 10 ადამიანს, რათა მათ სცენაზე ევროკავშირის დროშები აიტანონ.

ასევე დაგაინტერესებთ