სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს.
ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს – წვრილმანი ხულიგნობა.
სანდრო ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ვერც პოლიციური სისტემა და ვერც უსამართლო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ მებრძოლ მოქალაქეებს ვერ დააშინებს.
“ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი მანქანაში რომ ჩამსვეს, მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს.
ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, რომ შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის. პირიქით, ბევრად მეტი შემართებით გავაგრძელებ. სხვა დაჯარიმებულებსაც ვესაუბრე და ყველა ამ აზრზე ვართ. პოლიციური სახელმწიფო და უსამართლო სასამართლო ხელს ვერ შეგვიშლის”, – ამბობს 18 წლის სანდრო ჯოხაძე.
სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.
“მოქალაქეების დარბევა დაიწყეს, სანდრომ მიმართა პოლიციელებს, რომ არ დაეკავებინათ ადამიანები, რადგან ისინი გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. ამ დროს დააკავეს ისიც. ეს დაინახა მისმა ძმამ, გიგამ, რომელმაც ჰკითხა პოლიციელს, რატომ აკავებდნენ მის ძმას, პოლიციამ ისიც დააკავა ისე, რომ არ განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ ან ერთს, ან მეორეს”, – განმარტავდა ძმების ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა.
მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს.
ამავე თემაზე:
ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს „გვასამართლებენ ევროპული მომავლისთვის“ — ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს