სებ-ი „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების“ რისკის ზრდას სპეკულაციას უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება”, – წერია სებ-ის განცხადებაში.
სებ-ის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
“ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა”, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.
ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კანონი ს ინტერესებს ერგება და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.
უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე [წილი/აქცია] საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში კომპანია საშემოსავლო და მოგებისა გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება. მარტივად აქტივის ოფშორიდან ქართულ იურიდიულ პირზე გადაფორმება არ დაიბეგრება.
იმ შემთხვევაში თუ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სხვადასხვა ტიპის აქტივი გააჩნია: თვითმფრინავი, ავტომობილი, საქართველოში მათი გადმოტანის დროს იმპორტის გადასახადს არ გადაიხდის. თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ მისი მიღების დროს არსებულ აქტივზე და არა შემდეგ შეძენილზე. ოფშორული კომპანიები ამ რეჟიმით 2028 წლის იანვრამდე ისარგებლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ