რუსთავის საკრებულოში რადიკალური ცვლილებებია, ფრაქციები ერთმანეთისკენ ხელს იშვერენ

რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია და მისი ორი მოადგილე გადააყენეს, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტთა შორის ადგილობრივი მერიის წინ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე.

ნოდარ შეროზია და ზაზა ჯაიანი საკრებულოს ფრაქციაში „რუსთავი საქართველოსთვის” წევრები არიან. თინათინ ლოცულაშვილი კი არის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან”.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა ალექსანდრე ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა. „ოცნებას“ მისი გადარჩევისთვის ხმები არ ეყო, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა, რომ მომხრე იყო 12 წევრი, ერთი წინააღმდეგი ხოლო 8 ბიულეტენი გაბათილდა.

სახელისუფლებო ძალის წარმომადგენელმა მარი ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსანდრე ბერიძის თანამდებობაზე დატოვება იყო ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, იმ ფონზე, როცა ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა თავმჯდომარის პოსტზე მათი კანდიდატურის დანიშვნის შესახებ.

35-ადგილიან საკრებულოში დღევანდელ სხდომას 21 წევრი ესწრებოდა, მათ შორის, „ოცნების“ 16 წარმომადგენელი, „ლელო“-ს ორი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ყოფილი წევრი.
სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში“ დარჩენილი 11 წევრი და „რუსთავი საქართველოსთვის” სამწევრიანი ფრაქცია.

„ჩვენ არცერთი თანამდებობა არ გვინდა, სხდომაზე ჩვენს ყოფნას ინსინუაციები რომ არ გამოეწვია და არ დაგვბრალებოდა ვინმესთან შეთანხმება, უარი ვთქვით სხდომაში მონაწილეობაზე“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შავლეგ მანდარიამ.

საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით, თანამდებობები შეინარჩუნეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასულმა კიდევ ერთმა დეპუტატმა ვაჟა მორგოშიამ, რომელიც საკრებულოს სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარეა, ასევე „ლელოში“ გადასულმა ნინო სულაძემ, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ. მათ გადარჩევას მხარი ოცნების 16-მა წევრმა დაუჭირა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.
სხდომის შემდეგ ალექსანდრე ბერიძემ არ უპასუხა შეკითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი თავმჯდომარის გადაყენებას, არც იმაზე გასცა პასუხი, ფარული კენჭისყრის დროს პარტიიდან გასულებმა რა პოზიცია გამოხატეს. კომენტარზე უარი თქვეს „ლელო“-ს წევრებმაც.

„მირჩევნია ვიდავოთ იმაზე, როგორი ქალაქი გვინდა. ერთმანეთის ლანძღვას ჯობია, საქმე ვაკეთოთ, 20 წლის მერე არავის ემახსოვრება ვინ რა პოზიციაზე იდგა და რა კონფიგურაცია იყო საკრებულოში. თანამდებობა ჩემთვის არაფერს ნიშნავს. თუ შევატყობ, რომ საკრებულომ თავისი თავი ამოწურა, წევრის მანდატს დავტოვებ“, – თქვა ბერიძემ.
ვიდრე საკრებულოში კენჭისყრები ტარდებოდა, მერიის შენობის წინ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და თბილისიდან ჩამოსული პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ლანძღავდნენ და ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ.

დაპირისპირებაში ჩაერთო ქალაქის მერი ც, რომელმაც გახარიას პარტიის წევრებს საყვედურობდა, რომ მათი წარმომადგენლები საბოტაჟს ეწეოდნენ საკრებულოში და არც ერთი ინიციატივა არ დაუყენებიათ. საპასუხოდ, პარლამენტარმა ბექა ლილუაშვილმა მმართველი ძალა თანამდებობისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ერთად გადააყენეს ნოდარ შეროზია თანამდებობიდან. იმიტომ ჩამოვედით რუსთავში, რომ საზოგადოებისთვის ამის ჩვენება გვინდოდა. მაგრამ მოვიდნენ ვიღაც ადამიანები და პროვოკაციები დაიწყეს. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით ჯერ კიდევ გარანტირებულია და მაგის შელახვის უფლება არავის აქვს“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.
„პოლიციელები მოსულები იყვნენ, მაგრამ გაიქცნენ და დაიმალნენ“, – ჩიოდა პარლამენტარი.
თავის მხრივ, გახარიას პარტია და „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ.
„გახარიას პარტიამ და „ქართულმა ოცნებამ“ თანამდებობებისთვის ერთმანეთი დახოცეს, შოუ და მასკარადი მოაწყვეს, მაშინ, როცა საქართველოს ევროპულ კურსს საფრთხე შეექმნა და ათასობით ახალგაზრდა ამას ქუჩაში აპროტესტებს“, – თქვა კირკიტაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
კირკიტაძემ საკრებულოში მომხდარ რადიკალურ ცვლილებებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრებიც დაადანაშაულა.
„მათ უკიდურესად ნეგატიური როლი ითამაშეს ამ ყველაფერში, რაც შეეხება ნანა შატბერაშვილისთვის თანამდებობის შანარჩუნებას, ის მას დატოვებს“, – თქვა კირკიტაძემ. მისი განცხადების შემდეგ რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათით ადრე, რუსთავის მერიის ერთ-ერთი აქტიური ოპონენტის, ნანა შატბერაშვილის გადასაყენებლად „ქართულ ოცნებას“ ხმები არ ეყო. მან მხოლოდ 16 ხმის შეგროვება შეძლო, ხუთი კი გაბათილდა.
„ფეისბუკის“ გვერდზე შატბერაშვილმა დაწერა: „დღეს, როდესაც საქართველოს რუსული მთავრობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემთვის მიუღებელია ქალაქ რუსთავის საკრებულოში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად თანამდებობების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღება“.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.