რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია “საქართველოსთვის” წევრია, დღეს, 24 აპრილს, თანამდებობიდან იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება“ იყო. იმპიჩმენტის აღსრულებაში „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთა ხმები დაეხმარა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 ხმა ბათილად იქნა ცნობილი, მათ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.
კენჭისყრა ფარული იყო. „ინფო რუსთავის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, მასში 5 დეპუტატი მონაწილეობდა. ხუთივე მათგანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო პერიოდში დატოვა. ესენი არიან: ალექსანდრე ბერიძე (საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ვაჟა მორგოშია, ზურაბ ბერიძე, ნინო სულაძე, დათო სულაძე. ისინი თავისი პოზიციის გაჟღერებისგან თავს იკავებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას სწორედ ალექსანდრე ბერიძე შეასრულებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ დამოუკიდებელ დეპუტატად პოზიციონირებს.
თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის სხვა მოადგილეები: პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ზაზა ჯაიანი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ლოცულაშვილი.
საკრებულოს სხდომამ ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე ჩაიარა, როგორც სხდომაზე, ისე საკრებულოს შენობის გარეთ. მერიის შენობასთან დაპირისპირებებისას, არაერთი მოწოდების მიუხედავად, პატრულის თანამშრომლები არ ჩაერივნენ და ტერიტორიას გაერიდნენ.
„კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და რუსული კანონის ინიციატორი „ოცნება“ ღია მოლაპარაკებებში შედიან“; „ქოცებო, თქვე ნაცებო!“; „ოცნებამ“ რუსთავის საკრებულო „ნაცებს“ ჩააბარა,“ – ეს პარტია „საქართველოსთვის“შეფასებებია შეროზიას გადაყენების შესახებ.
„ნინო, ნაცებს გაურიგდით? მიპასუხე, ნაცებთან ერთად უწყობთ თუ არა იმპიჩმენტს ჩვენი გუნდის წევრს?“ — მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა თანამდებობები, არამედ ევროპული კურსი და პარტია რუსთავის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებში არ ჩარეულა.
საკრებულოს თავმჯდომარეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილს მიმართა რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, რომელზეც ძირითად საკითხებად დადგებოდა საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.
„ქართული ოცნების“ განცხადებით, ამის საფუძველი იყო საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობები, ბიუჯეტის დამტკიცების ხელის შეშლა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასება, პროექტების შეფერხება და სხვა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2022 წლიდან იკავებდა. მის კანდიდატურას მაშინ მხარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს.
გახარია პარტიის ცნობით, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ინიციირებულია ზუგდიდშიც, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა იკავებს.