ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლება 24 ნოემბრამდე არ დაიწყება

პარასკევამდე, 24 ნოემბერამდე გადაიდო ღაზის სექტორში მყოფი მძევლების გათავისუფლების პროცესის დაწყება. შესაბამისად, გადაიდო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაც.
ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, მძევალთა გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თუმცა, ეს პარასკევზე ადრე არ მოხდება.
მანამდე როგორც ისრაელის, ისე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პროცესი დღეს, 23 ნოემბერს დილიდან დაიწყებოდა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, სხვადასხვა მედიასაშუალებას განუცხადა, რომ შეთანხმების ასამოქმედებლად ხელი უნდა მოეწეროს ერთგვარ სარატიფიკაციო დოკუმენტს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს, 6-საათიანი მწვავე განხილვის შედეგად, მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის არმიის მონაცემებით, ღაზის სექტორში მძევლად იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი კატარია. პროცესში ჩართული არიან ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატებიც.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.
თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პირობებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვნის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

ასევე დაგაინტერესებთ